როგორ უნდა მოიქცეს პირი, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც ამ დრომდე ვერ დაურეგისტრირებია, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად როგორიცაა სათანადო დოკუმენტაციის არქონა, სამეზობლო დავა, ან სხვა დაბრკოლება. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი ხდება.
სახელმწიფო აზომავს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს, თან უფასოდ, ყველგან, თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რა მიწაზეა საუბარი? ვის ეხება რეფორმა? როგორია პროცედურები - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბაჩო თორთლაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, ისე - თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავადვე იძიებს სხვადასხვა უწყებაში დაცულ უფლების დამდგენ დოკუმენტებსა თუ მათ ასლებს. სარეგისტრაციო წარმოებაზე სრულყოფილი სურათის შესაქმნელად და პროცესის ოპტიმიზაციისთვის, მნიშვნელოვანია თქვენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე-საამზომველო ჯგუფებს მიწის მესაკუთრემ მის ხელთ არსებული საბუთები წარუდგინოს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მესაკუთრე ყველა სარეგისტრაციო მომსახურებას ადგილზე მიიღებს. მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად, პროაქტიულად შეასრულებს ყველა იმ პროცედურას, რაც ნაკვეთის რეგისტრაციისთვის არის საჭირო. მესაკუთრემ ადგილზე მისულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე–საამზომველო ჯგუფებს სწორად უნდა მიუთითოს ნაკვეთების საკადასტრო საზღვრები.
აღსანიშნავია ის რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში პირს სოციალური სტატუსი არ შეეცვლება. ბაჩო თორთლაძის თქმით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ ახდენს "სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.