დღეიდან დახურულ სივრცეებსა და სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის პირბადე აუცილებელი ატრიბუტი იყო. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას მთავრობის მეთაურმა აცნობა და მიზეზად კორონავირუსის პანდემიის შესუსტება დაასახელა.
პანდემიისგან დაღლილი მოქალაქეების ნაწილი ვირუსის საფრთხეს ამ ეტაპზე ვეღარ ხედავს. ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემების შემცირების პარალელურად, რეგულაციების მოხსნა დროული და საჭიროც იყო.
რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება საზოგადოებამ დღეს დილით პრემიერ-მინისტრისგან შეიტყო. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.
ასევე, გადაწყდა, რომ ინფიცირებულთა სტატისტიკური მონაცემები კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დღეს რეგულაციების შემსუბუქების რეალური საფუძველი არსებობს. ახლა მთავარია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარების კონტროლი სათანადოდ განხორციელდეს.