20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად - კარლ ჰარცელი 

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს.

"ევროპის დღეს აღვნიშნავთ ევროპის შესახებ      ახალ ხედვას, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციამ წარმოგვიდგინა. იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდპანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!",- ნათქვამია კარლ ჰარცელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.

დღის ამბები