20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა- შალვა პაპუაშვილმა 103 წლის მერი მაღრაძე მოინახულა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.შალვა პაპუაშვილი 103 წლის მერი მაღრაძესთან სტუმრად იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილმა მერი მაღრაძეს მადლობა გადაუხადა თავგანწირვისა და იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მან და სხვა ვეტერანებმა ფაშიზმთან ბრძოლაში შეიტანეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ქართველი ხალხი გმირებს არ დაივიწყებს. შალვა პაპუაშვილმა ვეტერანს საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადასცა.

"მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! თქვენთან ერთად მინდა ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი იწვევს თქვენში. როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება - სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება.

9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას.დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

მინდა პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი. მადლობას გიხდით თავდადებისთვის! ეს დღე თქვენია, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება კი მთელი კაცობრიობის!,"-შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები