20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს საქმიანობის კონკრეტულ ასპექტებზე, სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამსახურის განვითარების ხედვაზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება სამსახურის გაძლიერების საკითხზე გამახვილდა. ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას - როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე საგამოძიებო პრაქტიკის ცვლილების კუთხით.

კერძოდ, ეს ეხება სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნას, რაც მიმართული იქნება სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ. საბჭოს მუშაობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება. ასევე ხაზი გაესვა დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი გარანტია სავარაუდო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფუნდამენტურ სიახლეებზე, რაც დაკავშირებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხის და მისი ფუნქციების გაზრდასთან. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში ბარიერების გარეშე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას და საჩივრებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას. შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, შიდა დოკუმენტების შემუშავებას იწყებს, რომელიც ასევე არსებულ საგამოძიებო გამოცდილებას დაეფუძნება. აღნიშნულმა დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ყველა პოტენციური მსხვერპლის მაქსიმალური ჩართულობა სისხლის სამართლის საქმეებში, ასევე საქმის მასალებზე წვდომა და საგამოძიებო პროცესში მათი მოსაზრებების გაზიარება. შიდა დოკუმენტის მომზადება, მოწმეთა და დაზარალებულთა ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების ერთიანი პრაქტიკის შესამუშავებლადაც იგეგმება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნული შიდა დოკუმენტების შემუშავების პროცესში ჩართვასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იწყებს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო ბაზის ასევე საგამოძიებო პრაქტიკის ცვლილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა ამ რეფორმის განხორციელების პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

"ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული, მაქსიმალურად იყოს შეზღუდული და თავიდან აცილებული საპოლიციო ძალადობა და არასათანადო მოპყრობა მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხებზე და ვიმუშავებთ მომავალშიც. გვინდა, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ნაწილში, გვქონდეს თანამშრომლობა რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას საგამოძიებო სამსახური. უპირველეს ყოვლისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ უწყებას ქონდეს ადეკვატური ინფრასტრუქტურული და ადამიანური შესაძლებლობები, აუცილებელია ის საკანონმდებლო და პრაქტიკული ბარიერების აღმოფხვრა, რომ რეალურად შეეძლოს ამ სამსახურს დამოუკიდებლად, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მის საგამოძიებო ქვემდებარეობაში მყოფი საქმეები, რაც საბოლოო ჯამში გარანტია იმის, რომ ერთის მხრივ მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და მეორეს მხრივ სამსახურის მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა,“ - განაცხადა EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა გურო იმნაძემ.

დღის ამბები