"აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ბიგვავა თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა. ის "აზოვის" პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა.
"აზოვსტალის" ბატალიონში იყო, ასეულის მეთაური იყო და ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მოყვა დაბომბვაში. მასთან ერთად 18 კაცია დაღუპული, მე ასე ვიცი. ზოგი დაჭრილია. ცხედარსაც არ გვაღირსებენ რომ დავიტიროთ, მოვეფეროთ და მიწას მივაბაროთ. ამასაც არ ველოდებით უახლოეს მომავალში ან არ ვიცი საერთოდ თუ მოხდება ეს," - ამბობს დაღუპულის ბიძა ტრისტან ბიგვავა.
ტატო ბიგვავა უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, აზოვის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიგვავა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
დაღუპული ახლობლებს ბოლოს 7 მაისს ესაუბრა. ოჯახი სოხუმიდან დევნილია. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან.