03 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
"აზოვსტალი" ხელისუფლებასა და "აზოვს"შორის ღია ბრალდებების მიზეზი ხდება - არსებობს თუ არა გეგმა მებრძოლების გამოსაყვანად

 "აზოვსტალზე" ოკუპანტების საჰაერო იერიში, დღეს ნაკლებად ინტენსიური იყო,  ტერიტორიაზე ქვეითები გადაადგილდებოდნენ. რუსული არმია ფოლადის ქარხნის მიწისქვეშა გვირაბებთან დამაკავშირებელ შესასვლელებს ანადგურებს და "აზოვის" მებრძოლებს გარე სამყაროსთან ყველანაირ კავშირს უბლოკავს.

ზუსტი კოორდინატები ოკუპანტებს მოღალატემ გადასცა, რომელიც ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა.

საერთაშორისო საზოგადოების გამოფხიზლებამდე, მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები, დახმარებისთვის ამჯერად ილონ მასკს მიმართავენ. საზღვაო ქვეითების ოცდამეთექვსმეტე ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ პოსტი "ტვიტერის" მიკრობლოგზე გაავრცელა.

"აზოვის" მებრძოლთა ნათესავები და ოჯახის წევრები, დახმარებას თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სთხოვეს.

ბლოკირებული მეომრების გადარჩენას ცდილობს ოფიციალური კიევი. უკრაინა "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ, რუსეთს ტყვეების გადაცემას სთავაზობს. ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ მოსკოვთან შეთანხმება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არის და მიმდინარეობს მოლაპარაკება. ხელისუფლების მცდელობას "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები არასაკმარისს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი სიკვდილისთვის გაწირეს.

ხელისუფლების კრიტიკა "აზოვსტალში" ბლოკირებული სამხედროების მხრიდან, მიუღებელია ოლექსეი არესტოვიჩისთვის. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ მას და მის ოჯახს "აზოვის" ბატალიონის წევრების ნათესავები, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

CNN-თან საუბრისას, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. დადასტურებული ცნობების მიხედვით კი, ადგილზე 1000-მდე მებრძოლი რჩება, მათგან ექვსასს უმძიმესი ჭრილობები აქვს. ოკუპანტების იერიშს "აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა ემსხვერპლა. ის სავარაუდოდ, კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა. ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ქართველი მებრძოლი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

დღის ამბები