შპს "ტერმინალ 1" საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საპორტო მომსახურებას ქალაქ ბათუმში. მრავალწლიანი შრომის შედეგად შექმნილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტერმინალი კეთილსინდისიერად ემსახურება ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქართულ და ევროპულ კომპანიებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურით, ჩვენი კოლექტივის თითოეული წევრით და იმით, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.
2022 წლის 16 აპრილს TV პირველის ეთერში გავიდა დეზინფორმაციული სიუჟეტი ჩვენი კომპანიის შესახებ, რომელშიც ასახული იყო თითქოს "ტერმინალ 1-მა" რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდით შემოიტანა ნავთობპროდუქტები და ამით თითქოს რუსეთისათვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებების გაწევა ხდება. სიუჟეტში კიდევე არაერთი ტყუილი ითქვა, მათ შორის თითქოს შპს "ტერმინალ 1" ხელისუფლების ინტერესებს ატარებს რუსულ ტვირთებთან მიმართებაში.
სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ჩვენ განვახორციელეთ კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და ვთხოვეთ უზრუნველეყო TV პირველისთვის და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ ჟურნალისტ ანდრონიკაშვილსაც. სამწუხაროდ, არც კონტრაქტორმა კომპანიამ და არც TV პირველის ჟურნალისტებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ აღნიშნული კონტრაქტორის ვინაობა, საზოგადოებას არ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია.
"ტერმინალ 1" სიუჟეტის გასვლის შემდგომაც შეეცადა, რომ კონტრაქტორის მხრიდან მომხდარიყო საზოგადოების სწორი ინფორმირება ან თავად TV პირველს დაეზუსტებინა ინფორმაცია და ჩვენი რეპუტაციის შემლახავ სიუჟეტზე განმარტება გაეკეთებინა. სამწუხაროდ, TV პირველიდან მიღებულმა წერილობითმა პასუხმა ნათელი გახადა, რომ ტელეკომპანია არ აპირებს თავისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს და საზოგადოების უთხრას სიმართლე. ამიტომ, იძულებული ვართ გავასაჯაროოთ იმ კომპანიის ვინაობა, ვისაც გავუწიეთ ხელშეკრლებით გათვალისწინებული მომსახურებას და ვისი ვინაობაც TV პირველმა გულდასმით დამალა.
"ტერმინალ 1-ის" კონტრაქტორი, ვინც პორტში შემოიყვანა რუსული დროშით მცურავი ხომალდი არის კომპანია "სან პეტროლეუმ ჯორჯია", რომელსაც საზოგადოება "გალფის" სახელით იცნობს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "ტერმინალ 1-მა" შეასრულა თავისი საკონტრაქტო ვალდებულება და სატერმინალო მომსახურება გაწია კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო შემოტანილი ტვირთი და ხომალდი არ იყო არც ერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ. საზღვაო ხომალდის ჩვენს პორტში შემოსვლიდან და ტვირთის ტერმინალში დაცლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ათეულობით ბენზინმზიდი გავიდა "ტერმინალ 1-ის"
ტერიტორიიდან ცენტრალური მაგისტრალის გავლით და აბსოლუტურად ყველა ბენზიდმზიდზე "გალფის" სავაჭრო ნიშანი იყო გამოსახული. შეუძლებელია ეს მიუკერძოებელი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ვერ დაედგინა კეთილსინდისიერ ჟურნალისტს.
მიზეზი, რატომაც არ აცნობა TV პირველმა საზოგადოებას სიმართლე და თუ რატომ "ვერ" გამოავლინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ტვირთის მფლობელი კი ძალიან მარტივია: "სან პეტროლეუმ ჯორჯია" ("გალფი") TV პირველის ერთ-ერთი სპონსორია და მის რეკლამებს დიდი დრო ეთმობა ეთერში. "ნოდარ მელაძის შაბათიც" ამ კომპანიის რეკლამით იწყება და ცხადია, რომ ჟურნალისტთა ხელფასებიც ნაწილობრივ ამ რეკლამიდან შემოსული ფულით ფინანსდება. ვფიქრობთ, რომ ამით საზოგადოებისათვის ყველაფერი ნათელია.
სამწუხაროა, რომ მედია საშუალება, რომლის დანიშნულება არის საზოგადოების სწორი ინფორმირებაა, მიზანმიმართულად ამახინჯებს რეალობას საკუთარი მერკანტილური თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი ცილისწამება არ განმეორდება.