სსსტც "დელტას" ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, სსსტც "დელტას" ბაზაზე ქართულ-პოლონური საწარმო გაიხსნება, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
ერთობლივი კომპანიის "დელტა ვებეს" დაფუძნების შესახებ საბოლოო შეთანხმება, დღეს თავდაცვის სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და მიმწოდებელი შპს "დელტა ვებეს" დირექტორმა, ზურაბ ჯაველიძემ, ხოლო პოლონური მხრიდან მიმწოდებელი სს WB Electronics-ის დირექტორმა, პიოტრ ვოიჩეხოვსკიმ მოაწერეს.
კომპანია შპს "დელტა ვებეს" 50%-ის მფლობელი არის შპს "დელტა ინთერნეიშენალი", ხოლო დარჩენილი 50%-ის - პოლონური WB Group. კომპანიის დაფუძნების მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებაა. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მათი საგარანტიო მომსახურება, შეკეთება და მოდერნიზაცია. ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხელშეკრულება მათ გადამზადებასაც ითვალისწინებს.
ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება აუცილებელი საწვრთნელი ინვენტარით. ცენტრი მომსახურებას გაუწევს თავდაცვის ძალებს, როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.