ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მრევლის ნაწილი რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მეუფე სოდომურ ცოდვაში მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია. მათი თქმით, არაერთხელ შეეცადნენ საკითხზე კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ.
ამიტომ მოითხოვენ, მეუფემ დატოვოს ეპარქია და სათანადო კადრი დაინიშნოს. მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია რამდენჯერმე გაიმართა. პირველად მრევლმა უბისის ეკლესიის კარი აჭედა.
ბრალდებებს არ ადასტურებს მეუფე მელქისედეკი. მისი თქმით, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მართული აქცია და მათ პასუხი საპატრიარქომ გუშინდელი განცხადებით გასცა. მეუფის თქმით, აქციის მონაწილეები სასაუბროდ გუშინ დაიბარა, თუმცა მათ შეხვედრა არ ისურვეს.