20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა, მიმალვა, საპოლიციო დევნა - შენგელიების ცნობილი საქმე და "კურიერის" ექსკლუზივი

სისხლიანი გარჩევა, მიმალვა, საპოლიციო დევნა, სამართალდამცავის ავტომობილზე შეჯახება, სპეცოპერაცია და ხელყუმბარის აფეთქების მუქარა.

ეს ცნობილი გიორგი და ბექა შენგელიების, ასევე მიხეილ ხარებავას სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ქრონოლოგიაა.

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის მთავარი მტკიცებულება - ვიდეო მასალა, რომელიც დევნასა და პოლიციელის მანქანაზე შეჯახებას აღბეჭდავს. 20 წამიან ვიდეოში მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე დევნის ოპერაციაა ასახული. კადრების მიხედვით, დარტყმის შედეგად, სამართალდამცავის ავტომობილი ადგილზე ამოტრიალდა, მცხეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

პოლიციელზე თავდასხმის საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილში ახლა უკვე განსასჯელის სკამზე მსხდომი სამი მეგობარი იმყოფებოდა. მათ შორის, ბექა და გიორგი შენგელიები და მიხიელ ხარებავა. გამოძიება ბექა შენგელიას პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახებას, ხოლო გიორგი შენგელიას და მიხეილ ხარებავას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ის, რაც პროკურატურისთვის დანაშუალის მტკიცებულებაა, უდანაშაულობის დამადასტურებელია ბრალდებულების ოჯახისთვის. დაკავებულების ინტერესების დამცველებს კი მიაჩნიათ, რომ საქმის ამ მტკიცებულებას პროცესზე თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ.

14 აპრილს, ღამის 9:48 საათზე გადაღებული ვიდეო გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. მასალა ბრალდების მხარისთვის იმას ადასტურებს, რომ თეთრი ფერის "შკოდას" ფირმის ავტომობილს, რომელშიც სამართალდამცველი იჯდა, ნამდვილად დაეჯახნენ.

დევნის ოპერაცია სამართალდამცველებმა მას მერე დაიწყეს, რაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, ზუგდიდში მომხდარ სისიხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ და ამის შემდეგ მიმალვას ცდილობდნენ. საქმეში კიდევ ერთი გარემოებაა, რაც ალბათ დაკავებული ბექა შენგელიას ბრალს კიდევ უფრო დაამძიმებს. გამოძიების ინფორმაციით, შენგელია სამართალდამცველებს დაკავების დროს, ხელყუმბარის აფეთქებით დაემუქრა.

ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. პატიმრობის შეფარდებით გაღიზიანებულმა ბექა შენგელიამ კი, პროკურორს ბოტასი ესროლა.

"კურიერმა" ისიც გაარკვია, რომ ბრალდებულებს დანაშაული წარსულშიც აქვთ ჩადენილი. ბექა შენგელიას, სასჯელი, ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და ყაჩაღობაზე აქვს მოხდილი. ძარცვასა და ასევე ნარკოტიკების შეძენა შენახვის მსჯავრით ციხეში იჯდა გიორგი შენგელიაც, ხოლო ბექა ხარებავა ნასამართლევი ორჯერ ძარცვის გამო იყო.

 

დღის ამბები