ავტომანქანების მფლობელები ისევ არჩევანის წინაშე დგანან, ავზი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე შეავსონ, გადაიხადონ ძვირი თუ საწვავი იყიდონ შედარებით იაფად, არაბრენდირებულ სადგურზე. სხვაობა ფასში საშუალოდ 30-40 თეთრია. მიუხედავად იმისა, რომ მარტსა და აპრილში საერთაშორისო ბაზარზე ბენზინი 12 პროცენტით გაიაფდა, ეს საქართველოში საწვავის ფასზე არ ასახულა.
დღეს, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს კიდევ ერთი დავალება მისცა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე მოთამაშე კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში საწვავის ფასი შემცირდება. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ბაზრის მონიტორინგმა ამის წინაპირობა და საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბოლო ორი თვის ტენდენციებზე დეტალურ ინფორმაციას ფლობს. ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების ფონზე, არსებობდა რესურსი, რომ საქართველოში ბენზინის ფასი დღეს ბევრად ნაკლები იყოს.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმპორტიორებთან შეხვედრებს გააგრძელებს. როდის შემცირდება ციფრები ბენზიგასამართი სადგურების ელექტრონულ დაფაზე, ამ მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული.