20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
თბილისის მერიის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა შეიძინეს

თბილისის მერიის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე პირებისთვის ახალი აღჭურვილობა შეიძინეს. ტექნიკა მკითხველს წიგნის წაკითხვას უადვილებს, ეს არის - სკანერები, რომლებიც ახმოვანებს ნაწერს, კომპიუტერები და ვიდეო გამადიდებლები.

ფოტოს გადაღების შემდეგ , მოწყობილობა წიგნში მითითებულ ინფორმაციას ინახავს და შემდეგ უკვე მკითხველისთვის ახმოვანებს. ახალი აღჭურვილობა უსინათლო პირებისთვის არის განკუთვნილი და ის თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაშია განთავსებული.

ნაბეჭდი ტექსტის წამკითხველი მოწყობილობა, ბრაილის შრიფტის უსადენო კონტროლერი, გამოსახულების, ტექსტის გამადიდებელი მონიტორი და ხელის ვიდეო გამადიდებელი აპარატი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აპარატურების, რომლებიც უსინათლო და მცირედმხედველი პირებისთვის შეიძინეს,

განახლებულ სამკითხველოს დღეს პირველი სტუმარიც ჰყავდა. ლაშა ცაიშვილი ბიბლიოთეკაში ხშირად დადის, თუმცა წიგნის კითხვას ზოგჯერ კონკრეტული მიზეზების გამო სრულყოფილად ვერ ახერხებს.

უსინათლო პირებისთვის, თბილისი მერიის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში ტექნიკა აქამდეც იდგა , თუმცა ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა, მას შემდეგ გახდა რაც , მკითხველთა რაოდენობამ იმატა.

შშმ პირებისთვის ბიბლიოთეკა საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრშია განთავსებული და ერთდროულად 10 მდე მკითხველის მიღება შეუძლია. ცენტრში ამბობენ რომ გამარტივებული და თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა , უსინათლო პირებს უნარების განვითარებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

ბიბლიოთეკას უსინათლო პირების გარდა , სმენადაქვეითებულების მიღებაც შეუძლია, ამისთვის ცენტრში სპეციალური ბრაილის შრიფტის მოწყობილობები უკვე განთავსდა. ახალი აღჭურვილობით სარგებლობა შშმ პირებისთვის უფასოა.

დღის ამბები