სიღარიბის დონის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის ამოქმედება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომელზეც ყურადღებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამახვილებენ. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახლა მიღწეული შედეგის გაუმჯობესება მთავარი პრიორიტეტია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. ეკონომიკის სამინისტროში უკვე დაითვალეს, წინა წელთან შედარებით თუ რამდენმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს.
რეგიონში არსებული რთული გამოწვევების ფონზე, თუ ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მსგავსი ტემპით შენარჩუნდა, ექსპერტების მოსაზრებით, უახლოეს წლებში სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ კლებას გააგრძელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტი, რომლის მიხედვით მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა იზომება, მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.01-ით და 0.37 შეადგინა. მთლიანი ხარჯების მიხედვით კი კოეფიციენტი ასევე 0.01-ით და 0.40 შეადგინა.