ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლებისადმი მოწოდებას და მსჯავრდებბულ მესამე პრეზიდენტთან "ემპათიას" ექსპერტების შესვლას გამოეხმაურა. ადვოკატი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოყოს ექსპერტები, რომლებიც ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ და დასკვნას ერთობლივად დადებენ.
სარჯველაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესში სპეკულაციები მიზეზი არ ჩანდეს.
"არ არის ისე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთად შესვლა არის მნიშვნელოვანი, ან ცალცალკე შესვლა არის მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ საკუთრივ საკითხთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მეტი სიცხადე, არავინ ცდილობდეს მიკერძოებულად მონაცემების წარდგენას, და მეორეს მხრივ, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის რომ რეალურად უფლებების დაცვა ხორციელდებოდეს ისე, რომ ინსინუაციების მიზეზი არავის რჩებოდეს.
ბევრჯერ მომისმენია, ისევე როგორც თქვენ ყველას მოთხოვნა საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა რა არის ამ მოთხოვნის საფუძველი, ამის თაობაზე ბევრი არგუმენტი მე ვერ ამოვიკითხე. არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგრამ ეს უნდა იყოს პრობლემა ისეთი ტიპის, რომლის მკურნალობაც აქ, საქართველოში არის ხელმიუწვდომელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, საერთოდ, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთი ობიექტური საჭიროება არ არსებობს, ასეთ დროს სამკურნალოდ წაყვანა კი არ დაერქმევა, ამას ჰქვია სასჯელისთვის თავის არიდების მცდელობა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.