15 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
პრემიერ - მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება უკვე გადაუგზავნა - რა წერია დოკუმენტში, რომელიც 154 გვერდისგან შედგება

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ, წლიური მოხსენება პრემიერმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. დოკუმენტი 154 გვერდიანია, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლომდე პირადად წარუდგენს.

მოხსენება იწყება ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრით. ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადის გაკეთებასა და შესრულებულ სამუშაოზე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

"2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული პროგრესის გაანალიზების საფუძველზე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი.

ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი ორ ნაწილად − 11 აპრილს (პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები) და 19 აპრილს (სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი). კითხვარის გადმოცემამდე გაძლიერდა ევროინტეგრაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მინისტრის მოადგილეებისა და უწყებებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დონეზე. კომისიის მუშაობის კოორდინაცია მიმდინარეობდა უმაღლეს დონეზე და მისი სხდომები კვირაში ერთხელ იმართებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველომ შევსებული კითხვარი ევროკომისიას ვადაზე ადრე გადასცა (პირველი ნაწილი − 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი − 10 მაისს).

ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტები (2021 წელს); სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი (2021 წლის ივლისი); საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელში. 17-18 მაისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან − რობერტა მეცოლასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან − შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში − ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში − ოლივერ ვარეისთან. შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და შევსებული შეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომ პროცედურებზე; ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგულისხმოა ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკების შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (კენჭი ეყარა 2022 წლის 16 თებერვალს)," - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, გაგრძელდა ევროკავშირთან თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის ფარგლებში, ამავდროულად, ახალ ეტაპზე გადავიდა თანამშრომლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოციირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში.

"ფორმატის ფარგლებში, 2021 წლის ივნისში შედგა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ასოციირებული ტრიოს სამიტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრო და მისი თანდასწრებით მიღებულ იქნა პრეზიდენტების დეკლარაცია. 2021 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ტრიოს პრემიერ-მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 16 დეკემბერს, სამიტის შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროინტეგრაციის საერთო მიზნებს, პრინციპებს, მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს," - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

დღის ამბები