ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშით 24 ივნისს წარდგება. მთავრობის საქმიანობის ამსახველი 154 გვერდიანი დოკუმენტის გაცნობა კანონმდებლებს უკვე დაწყებული აქვთ. პრემიერის მოსმენის შემდეგ დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
ოპოზიციის ნაწილი ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებითა და ქვეყნის ეკონომიკის დეტალებით ინტერესდება, ნაწილი კი ანგარიშის შინაარსობრივ შეფასებაზე მეტად პოლიტიკური განცხადებებით იფარგლება.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ეთმობა, იმის ნახვა და მოსმენა თუ რა გააკეთა მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი ამ საკითხს პოლიტიკურად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის მდგომარეობის შემფასებელი არა პარლამენტში წაკითხული მოხსენება, არამედ მოსახლეობის უშუალო ყოფა და მდგომარეობაა.