ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, Twitter-ის საკუთარ გვერდზე, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხმაურება.
"ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ევროპის სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ ასეთ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია," - ვკითხულობთ განცხადებაში.
დევიდ მაკალისტერის მოცემულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
"ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია ევროკავშირისათვის, მისი საერთაშორისო აქტორობისთვის, სანდოობისთვის და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე, კავშირმა უნდა მოახდინოს მისი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება რეგიონისადმი, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით," - ნათქვამია განცხადებაში.