პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება და მას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მინისტრთან კითხვები ექნება ოპოზიციასაც - ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა, განათლება და დაანონსებული რეფერენდუმები, ეს თემების არასრული ჩამონათვალია.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისთვის არსებობს საინტერესო საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა "ქართული ოცნების" პოზიციებში დარწმუნებული არათუ ოკუპირებული, არამედ კონტროლირებული ტერიტორიების მიმართაც არ არის.
"ძალიან ბევრი საკითხია ამ მიმართულებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საინტერესო, რაც შეეხება საკითხს, რომელიც იყო რეფერენდუმთან დაკავშირებული სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთის მიმართულებით. მართალი გითხრათ, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე არ ვიცი ოკუპირებულ ტერიტორიებთან კი არა, კონტროლირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს "ქართულ ოცნებას". სწორედ ახლა არის შანსი, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ამას არ აკეთებენ", - თქვა მანჯგალაძემ.
"გირჩის" წევრი, ჰერმან საბო აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის იყოს მზად. მისი თქმით, მინისტრის აზრი ასევე მნიშვნელოვანია აფხაზ და ოსს თანამოქალაქეებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
"სიტუაცია ისეთია რეგიონში, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს, ისეთი, რაზეც არ გვიფიქრია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარი გავლილი გვქონდეს და ვიცოდეთ რა შემთხვევაში როგორ ვიქცევით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალით რაიმე სიტუაციის შეცვლას და მათთან გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი მინისტრის მოსაზრებები", - განაცხადა ჰერმან საბომ.