ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებასა და კანდიდატის სტატუსის პროგნოზებზე საფრანგეთის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩებმა თბილისში ისაუბრეს. "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ინიციატივის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.
საქართველოში საფრაგნეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთებას სჯობს დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, რადგან ნებისმიერი გაფართოება შესაძლებელია მოხდეს, თუმცა პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
"არ მინდა ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება და სპეკულირება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ვიდრე ზუსტად გვეცოდინება, თუ რა იქნება შეთავაზებული. რასაც ვხედავ, არის სურვილი, განხილულ იქნას ევროპისკენ საქართველოს გზაზე ახალი ნაბიჯების პრინციპი. ვფიქრობ, თქვენ იხილეთ ამ საკითხზე პრეზიდენტ მაკრონისა და სხვების განცხადებები, რომლებიც არის უფრო ღია პრინციპები, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა თქვენ ასევე უნდა დაინახოთ, რომ ზოგადი იდეა არის ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ნებისმიერი გაფართოება შესაძლებელია მოხდეს, თუ ის სწორია. ასე რომ, არსებობს პირობები, კრიტერიუმები და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხები, ეს არის ფუნდამენტური მზადყოფნის კრიტერიუმები. ისინი თუ დაკმაყოფილებულია, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და თუ არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ისინი, ვიდრე წინსვლას გავაგრძელებთ",- განაცხადა კოლასმა.
შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი აცხადებს, რომ რეფორმები არის გზა ევროპისკენ და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს შვედეთის იმედი ამ გრძელვადიან პროცესში.
"ჩვენ ველით დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს მე არ დავიწყებ სპეკულაციას შედეგთან დაკავშირებით და არ გავაკეთებ რაიმე სახის ნაადრევ კომენტარებს. ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი. ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში, არ ყოფილა მოკლე გზა, რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის. მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით და მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები, რეფორმები არის გზა ევროპისკენ. ბოლო აქცენტი, რომელიც მსურს გავაკეთო, არის ის, რომ ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია შვედეთის იმედი ჰქონდეს", - აცხადებს ტიდესტრომი.
ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ კანდიდატის სტატუს მიღებას.
"ჩვენ არ ვიცით გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, ესტონეთი, როგორც ქვეყანა, მხარს ვუჭერთ და გავაკეთეთ შეთავაზება, რომ ამ სამ ქვეყანას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ჩვენი პოზიციაა და ის სხვა წევრებთან იქნება განხილული. ვფიქრობ, თქვენ ხვდებით, რომ ფოკუსი ახლა არის უკრაინაზე. უკრაინა თუ მიიღებს ცოტათი მეტს, ვიდრე დანარჩენი ორი , ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არ არის დაზუსტებული, არავის არაფერი გადაუწყვეტია. ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო რომელიმე სპეციფიკურ სამართლებრივ საქმეზე. ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ წინ გასავლელი კიდევ გრძელი გზაა", - თქვა კალიუნარდმა.