პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს მისცემს დამატებით მოტივაციას და ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
"ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რატომ არა?! ვგულისხმობ, რომ გრანტირებული კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება აღიარება ჩვენი პროგრესისა, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჯერ კიდევ საქმე მუშაობის პროცესშია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ რეფორმებს, ვიქნებით მოტივირებული და ვიქნებით ფორმაში. რა თქმა უნდა, იქნება მონიტორინგული ჯგუფი ევროკავშირიდან, ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ერთ დღეში გადასაწყვეტი, ეს გრძელვადიანი პროცესია ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე.
შესაბამისად, ვიტყვი, რომ ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან ბრძნულ გადაწყვეტილებას. რუსეთი როდესაც საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიო ფიქრობდა, რომ კონტექსტი იყო განსხვავებული.
ყველას შევახსენებ, რომ 2008 წლიდან არავის მსოფლიოში არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. პირიქით, ვხედავდით განახლებულ ურთიერთობებს რუსეთთან. 2014 წელს მსოფლიო შოკში იყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, და ასევე შოკი აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, როცა უკრაინაში შეიჭრა. პასუხი დასავლეთიდან უნდა იყოს რელევანტური, პროპორციული. დღევანდელ რთულ დროს, თუ ასოცირების ტრიო: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო სიმბოლური კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე დარჩება - არ ვიყოყმანებ და გეტყვით, რომ ეს იქნება შეცდომა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გავაგრძელოთ რეფორმები.
მე რამდენიმე სიტყვას დავამატებ საქართველოს სურვილთან დაკავშირებით, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ნათლად მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც უფასოდ ითხოვს რაღაცას, ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეგზავნა ჯარები ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენ ყოველთვის წვლილი შეგვაქვს, ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის იქვე ვიმყოფებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით. ჩემი ბოლო კომენტარი გახლავთ ის რომ საქართველო არ ითხოვს რაიმეს უფასოდ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან დამოკიდებულებას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.