15 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მრავალმილიონიანი იახტები, ძვირადღირებული სასახლეები და ფინანსური აქტივები - პუტინის ელიტა სანქციების კიდევ ერთ პაკეტში მოხვდა, შავს სიას 17 გავლენიანი გვარი დაემატა

მრავალმილიონიანი იახტები, ძვირადღირებული სასახლეები და ფინანსური აქტივები - პუტინის ელიტა სანქციების კიდევ ერთ პაკეტში მოხვდა.

ამერიკულ შავ სიას 17 გავლენიანი რუსის გვარი დაემატა, მათ შორის არის რუსული პროპაგანდის მთავარი რუპორი, მარია ზახაროვაც.

ვაშინგტონის გარდა პერსონალური სანქციების მორიგი პაკეტი მიიღო ევროკავშირმაც, რომლის შავი სია რუსი ბიზნესმენების და სამხედროების გარდა, უკრაინელი კოლაბორაციონისტებითაც გამდიდრდა.

ამასთან, ნომრით 1 171 - სანქცირებულთა სიაშია ალინა კაბაევა, რომელსაც საერთო შვილების გარდა პუტითან საერთო სალაროც აქვს.

მარია ზახაროვა, რუსული პოლიტიკის ყველაზე გავლენიანი ქალი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა. ვაშინგტონმა გაყინა მისი ფინანსური ანგარიშები. საფრთხე ემუქრება ზახაროვას მეუღლის, ანდრე მაკაროვის მრავალმილიონიან ბიზნესსაც.

თეთრი სახლის სანქციების ახალი პაკეტი შეეხო პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს ალექსეი მორდაშოვსაც. ფოლადის მაგნატის სახელით ცნობილ მილიარდერს სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირის მხრიდანაც. მორდაშოვის ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევს. სახაზინო დეპარტამენტი ყინავს ოლიგარქის და მისი ოჯახის აქტივებს, ძვირადღირებულ იახტებს და სასახლეებს.

მორდაშოვი იმ მცირერიცხოვან ოლიგარქებს შორისაა, რომლებმაც საკუთარი ქონების გადარჩენა, ომის საჯარო დაგმობით სცადა, თუმცა ის დასავლურ სანქციებს მაინც ვერ გადაურჩა.

კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა, გოდ ნოსინოვია. წარმოშობით ებრაელი მილიარდერი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ძირითადად უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. მას შემდეგ, რაც მისი გვარი სანქციების სიაში მოხვდა, გოდ ნოსინოვი ებრაელ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ვაშინგტონი ასევე სანქციებს უწესებს ცნობილ მუსიკოსს, ჩელისტ სერგეი როლდუგინს, რომელიც ცნობილია მეტსახელით - “პუტინის საფულე“. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ როლდუგინი განკარგავს ვლადიმერ პუტინის ოფშორულ აქტივებს. მისი სახელი ფიგურირებს პანამა ფეიფარსის დოკუმენტებშიც.

აშშ-მა იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია გუშინ გააფართოვა. სულ ჩამონათვალს კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა.

დღის ამბები