საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ახლა ყველაზე მეტად ელოდება. დაჩქარებულად გაკეთებულ განაცხადზე დაჩქარებულად წარმართული პროცესები მმართველ პარტიას პოზიტიურ მოლოდინს უქმნის.
სახელისუფლებო გუნდში აღიარებენ, რომ საქართველოს ჯერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის ნახევარი აქვს შესრულებული, თუმცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი იქნება მეტი პასუხისმგებლობა, ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმები განაგრძოს.
არის თუ არა ევროპული ოჯახი მზად ასოცირებული ტრიო სამომავლო წევრებად აირჩიოს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ინდივიდუალურ მხარდაჭერას გამოხატავენ, თუმცა წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებენ, რადგან გადაწყვეტილება საბოლოოდ 27-მა სახელმწიფომ ერთობლივად უნდა მიიღოს.
საფრანგეთის, ესტონეთისა და შვედეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა საქართველოში დღეს ამ თემაზე სპეციალურად გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს. ახსენეს ის კონკრეტული კრიტერიუმებიც, რომელსაც მათივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ.
იმედთან ერთად რომ საქართველოს მზაობაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ უნდა მიიღოს.
ხალხის განწყობა და ნება რომ უმთავრესია - ამაზე მმართველი გუნდიც საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანამ ოცნების ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მიუხედევად ამის კი რეფორმები ჯერ კიდევ გასაგრძელებელია
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო - ეს თვის ბოლოს გაირკვევა, მანამდე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განცხადებზე ევროკომისიამ სპეციალური რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს.