19 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
ესტონეთის მმართველი კოალიცია იშლება - პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა

ესტონეთის ხელისუფლებაში კრიზისია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს მას შემდეგ ეძებს, რაც ყოფილი მოკავშირეები მთავრობიდან დაითხოვა.

ქვეყნის პრემიერი მემარცხენე ცენტრისტულ პარტიას განუდგა და ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის - EKRE, თანამოაზრე გახდა.

როგორც DW წერს, ესტონეთის პრემიერმა მთავრობაში მის უკვე ყოფილ მოკავშირე მემარცხენე ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე ოპოზიციურ პარტიას, დაწყებითი განათლების სფეროში სამთავრობო რეფორმის დასაბლოკად.

"ესტონეთს ახლა უფრო მეტად ესაჭიროება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მოქმედი მთავრობა, ვიდრე ოდესმე. ევროპაში არსებული უსაფრთხოების ვითარება მე, როგორც პრემიერს, არ მაძლევს ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას" - განაცხადა კალასმა.

პრემიერსა და მთავარ მოკავშირე პარტიას შორის განხეთქილების შედეგად კალასის კაბინეტის თითქმის ნახევარი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევა-მარია ლიმეტსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს დროებით დაიკავებენ იქამდე, სანამ ახალი სამთავრობო კოალიცია არ ჩამოყალიბდება.

ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, კალასი გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას მემარჯვენე-ცენტრისტულ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან და ასევე სოციალ-დემოკრატებთან. თუ ისინი მთავრობაში შესვლას დათანხმდებიან, კოალიციას პარლამენტში მცირე უმრავლესობა ეყოლება. აღსანიშნავია, რომ პრემიერის თქმით, ახალი მთავრობა, ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან დაგეგმილ შეხვედრამდე უნდა ჩამოყალიბდეს.

ამასთან, გამოცემა DW განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვანი ესტონეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. როგორც DW წერს: "ბალტიისპირეთის ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთი და 1991 წელს დამოუკიდებლობამდე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საბჭოთა რესპუბლიკა. ახლა ის არის ევროკავშირისა და დასავლეთის სამხედრო ალიანსის ნატოს წევრი. უკრაინაში რუსეთის შემოჭრიდან მე-100 დღეს მოხდა ხელისუფლების დაშლა. ნატოს ზოგიერთი აღმოსავლელი წევრი შიშობს, რომ ისინი შეიძლება იყვნენ რუსული აგრესიის შემდეგი სამიზნე. პრემიერ-მინისტრმა კალასმა გასულ თვეს განუცხადა DW-ს, რომ "ჩვენი მეზობლის პრობლემები დღეს - ჩვენი ხვალინდელი პრობლემაა. თუ მეზობლებს არ დავეხმარებით, როცა მათ სახლს ცეცხლი ეკიდება, ხანძარი თქვენს სახლსაც დაიჭერს" - წერს უცხოური გამოცემა.

დღის ამბები