19 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
უკრაინის ომის ქრონიკები - რუსული აგრესია და ტრაგიკული მოვლენები, რომელმაც მსოფლიო შეძრა

უკრაინა - რუსული აგრესიის 100 დღე და ტრაგიკული მოვლენები, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

9 მარტი - რუსმა აგრესორებმა იერიში მარიუპოლის სამშობიარო სახლზე მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის მედპერსონალი და 3 ორსული. ერთ-ერთის გადარჩენას მედიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. დაახლოებით 30 წუთში დაიღუპა დედაც.

16 მარტი მარიუპოლის დრამატული თეატრი - შენობის აფეთქების შედეგად 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის არასრულწლოვნები. თეატრს თავს 1000-მდე ადამიანი აფარებდა. ოკუპანტების ავიაიერიში ვერც შენობის გარეთ უზარმაზარმა წარწერამ "ბავშვები" შეაჩერა.

ოკუპანტების კიდევ ერთი უმძიმესი ქმედება "ბუჩას ჟლეტაა", ქალაქში, რომელსაც 5-დან 31 მარტამდე აკონტროლებდნენ, უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა აწამეს და დახვრიტეს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ცხედრებს უზარმაზარ ორმოებში ყრიდნენ ან პირდაპირ დანაშაულის ადგილზე, ქუჩებში და გზის სავალ ნაწილზე ტოვებდნენ. შემზარავი სურათის სრული მასშტაბის შესახებ საზოგადოებისთვის მხოლოდ 1 აპრილს გახდა ცნობილი, მაშინ, როდესაც ბუჩაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შევიდნენ.

8 აპრილს, უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული რაკეტებისგან გაქცევას ცდილობდა კრამატორსკის მოსახლეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ოკუპანტებმა ომის ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონი, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს. აგრესორმა 10:30 წუთზე, სარაკეტო იერიში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მიიტანა. მაშინ, როდესაც ადგილზე 2000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 57 ადამიანი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი. სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო 109 ადამიანმა.

2022 წლის რუსული ინტერვენცია უკრაინაში გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი, ბლოკირებულ მარიუპოლში პოლკ "აზოვის" წინააღმდეგობაა. 3000 მებრძოლი, რომელიც მარიუპოლს 82 დღის განმავლობაში არ თმობდა. იმის მიუხედავად, რომ მტერი ბატალიონს რიცხობრივად რამდენჯერმე აღემატებოდა და შეიარაღების უდიდესი მარაგი ჰქონდა. 

"აზოვსტალში" გამაგრებულმა მებრძოლებმა ასეულობით ოკუპანტი გაანეიტრალეს, გაანადგურეს ათობით ერთეული მძიმე ტექნიკა და ჯავშანმანქანა. რუსული შენაერთების მიერ ბლოკირებული მებრძოლებისთვის 15 ჰუმანიტარული ფრენა შეასრულეს უკრაინელმა პილოტებმა. მათ მარიუპოლში შეიარაღება, პროდუქტები და მედიკამენტები ჩაიტანეს. სამწუხაროდ, საბრძოლო დავალებიდან ვერ დაბრუნდა 3 ეკიპაჟი. აზოველების წინააღმდეგობა 16 მაისს დასრულდა. რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ 2 500-მდე ადამიანი აიყვანეს.

დღის ამბები