19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
პუტინის შეუსრულებელი მისია და მრავალჯერ შეცვლილი ფრონტის ხაზი - როგორია რუსული აგრესიის 101-ე​ დღის ომის ქრონიკა 

ოკუპანტების სისხლიან ნაკვალევზე, უკრაინაში ცხედრებს ყოველდღე სხვადასხვა ქალაქში პოულობენ. გამონაკლისი არც ომის 101-ე დღე აღმოჩნდა. კიევის ოლქში დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1 300-ზე მეტი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა, 200-ზე მეტი მოკლულის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

ოკუპანტები უკან არ იხევენ - მიზანში უკრაინის აღმოსავლეთია, სადაც შეტევითი ოპერაციები არ წყდება. ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი სევერო-დონეცკისა და სლავიანსკის ტერიტორიებია. აგრესორები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსები სევერო-დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. თუმცა ქალაქზე სრულ კონტროლს ვერ ახერხებენ.

რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე. საოკუპაციო რეჟიმმა დარტყმა ფრთოსანი რაკეტით, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელა. დაიბომბა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საწყობები. დაშავდა ორი ადამიანი.

ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილოეთით. ოკუპანტების სასტიკი კვალი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს განსაკუთრებით ეტყობა. დაცლილ და ნანგრევებად ქცეულ ოლქში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას, სახლებში დაბრუნებისას, სიფრთხილეს ურჩევს.

ოკუპანტი რუსეთი რომ არავის და არაფერს ინდობს, ამას დონეცკის ოლქში, ცეცხლმოკიდებული ეკლესიაც მოწმობს. აგრესორებმა სვიატო-ჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრა დაბომბეს.

ქვეყნის პრეზიდენტი, ცივილიზებულ სამყაროს აგრესორის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, პუტინის რეჟიმის რეალურ სახეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როდის დასრულდება რუსული აგრესია უკრაინაში? - მთავარ კითხვაზე საკუთარი პროგნოზი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს - მიხაილო პოდოლიაკი არ გამორიცხავს, რომ აგრესორმა ერთ თვეში უკან დაიხიოს.

ვიდრე პოდოლიაკის პროგნოზი რეალობად იქცევა - აგრესორი უკრაინას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან უკვე 101-ე დღეა უტევს. რუსეთს ომი ძვირად უჯდება, თუმცა კრემლი დანაკარგს არ ითვლის და არც უკან იხევს.

დღეს მდგომარეობით სევეროდონეცკის ქალაქის ძირითად ნაწილს, რუსები ვერ აკონტროლებენ, დაახლოებით 20 პროცენტი ნაცრისფერია, როგორც ამას სამხედროები ეძახიან.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები