დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება, მზადდება რეზოლუციაც, რომელიც მედიაგარემოს და ადამიანის უფლებებს შეეხება. დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომას რადას სპიკერმა მიმართა, რუსლან სტეფანჩუკი სტრასბურგში ჩავიდა იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ასევე მოიპოვოს მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. მანამდე მას ერთობლივი ბრიფინგი ჰქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სადაც "კურიერის" შეკითხვას, ტრიოს ქვეყნების ევროპერსპექტივაზე, რობერტა მეცოლამ უპასუხა.
"ევროპარლამენტი თავის პოზიციაში მკაფიოა. ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად აღიქვამენ, ევროკავშირმა კარი არ უნდა დახუროს. ეს ეხება ყველა სახელმწიფოს, რომელსაც სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ევროპარლამენტის უდავო პოზიციაა, რომ უკრაინისთვის, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესისადმი მხარდაჭერს. ამ თვეში, მოგვიანებით, ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. გაფართოების პროცესები ყოველთვის რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ვახსენე სიტყვა "იმედი", სწორედ ეს არის.
უკრაინელები ომობენ ჩვენს ომს, არის თუ არა ახლა დრო, რომ მათ ზურგი ვაქციოთ? არის თუ არა ახლა დრო, დავუხუროთ მათ კარი? როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს – უფრო ღრმა ინტეგრაცია, მომზადება, აღდგენა, პროგრამები, სხვადასხვა სტრუქტურაში გაწევრიანება. ეს პერიოდი არის გადამწყვეტი და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა თავისი მზადყოფნა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად," - განაცხადა მეცოლამ.
უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთხოვს, 24 ივნისს უკრაინელებმა მათგან "ძლიერი "დიახ"" მოისმინონ.
"სიტუაცია უკრაინაში რთულია. მე ვმუშაობ სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ უკრაინა ღირსია მიიღოს კანდიდატის სტატუსი . მეგობარი მხოლოდ მხარამჭერი სიტყვებით არ ფასდება, არამედ საქმითაც. სწორედ ამიტო,მ უკრაიანა მადლიერია.
ჩვენი მოსახლეობის 91 პროცენტს ევროკავშირში შესვლა სურს. ეს ნამდვილად უპრეცენდენტოა. უკრაინელები ყოველდღე სიცოცხლეს კარგავენ. ისინი იბრძვიან პრინციპებისა და ღირებულებებისთვის. ყველა წევრ სახელმწიფოს ვთხოვ, რომ 24 ივნისს უკრაინამ თქვენგან ძლიერი "დიახ "" მოისმინოს. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის.
ევროპარლამენტი ერთიანი ევროპის ძლიერი ხმა იყო ყოველთვის. უკრაინა თავის მომავალს ევროპაში ხედავს. უკრაინა ერთგული და სანდო პარტნიორი იქნება ევროკავშირისთვის. როცა უკრაინა კანდიდატის სტატუს მიიღებს, ეს შემდგომში ჩვენი ევროკავშირში წევრობისთვის გზამკვლევი იქნება," - განაცხადა სტეფანჩუკმა.