სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საქმეზე სასამართლოს მსჯელობა, როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.
სახალხო დამცველის ამ განცხადებას დღეს პარლამენტში უპასუხეს. უმრავლესობა სახალხო დამცველს არ ეთანხმება და თვლის, რომ განცხადება პოლიტიკურად მიკერძოებულია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დღეს ნინო ლომჯარია გადაიქცა "ნაციონალური მოძრაობის" დამცველად. მისივე თქმით, წარმოუდგენელია შეწყალებაზე საუბარი მაშინ, როდესაც გვარამია "უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდა თავად პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს":
"რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომელიც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენდა - ხომ არ გახსენდებათ ასეთი საჯარო გამოსვლა?! ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, არა სახალხო დამცველია, არამედ "ნაცების" სახალხოდ დამცველად გადაიქცა და, როგორც ჩანს, ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია.
ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ - კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური, მაგრამ ვერ ქნა.
რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია,"- განაცხადა მდინარაძემ.