15 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ამ თემაზე კი ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდება და ვიზიტს დაასრულებს.

"დღეს იტალიაში, ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ითხოვს განმარტებას, ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საუბარია პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე. სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ორი დღის წინ მიმართეს.

დღის ამბები