12 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მთავრობის მეთაური, მისი გუნდის წევრები და დეპუტატები ერთად პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსასმენად შეიკრიბნენ. შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლების წინაშე გასული წელი შეაჯამა და 2021 წლის საპარლამენტო საქმიანობის მთავარ გამოწვევად ოპოზიციის ბოიკოტი დაასახელა. პარლამენტის თავმჯდომარის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და არც რუსეთის ომი უკრაინაში. შალვა პაპუაშვილის ანგარიში სამომავლო გეგმასაც მოიცავდა.
სწორედ უკრაინას ეხებოდა პირველი შეკითხვაც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს. "ლელოს" წევრს მმართველმა ძალამ შეკითხვის ფორმა დაუწუნა, შალვა პაპუაშვილმა კი ოპონენტს ის მიზეზები განუმარტა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიტიკური უთანხმოების კიდევ ერთი საკითხი აღმოჩნდა რეგლამენტის დადგენილი ნორმა, როდესაც მთავრობის წევრებმა საკანონმდებლო ორგანო შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგვე დატოვეს.
კითხვებზე პასუხების დაბრუნების შემდეგ, სხდომათა დარბაზში ტრიბუნა უკვე დეპუტატებმა დაიკავეს. აქტუალური გახდა კვლავ უკრაინის საკითხი, ტრადიციულად, ისმოდა კრიტიკა ერთმანეთის მისამართით და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები.
პარლამენტის თავმჯდომარის რამდენიმე საათიანი მოხსენება, ბოლოს თავად შალვა პაპუაშვილმა შეაჯამა. დასკვნით სიტყვაში, პარლამენტის სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ჩართულობასა და პოლარიზებული გარემოს შემცირებაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება იმ საკანონმდებლო წინადადებებზეც გაამახვილა, რომელიც 2021 წელს პარლამენტმა დაამტკიცა და ასევე ისაუბრა, იმ ინიციატივებზე, რომელიც 2022 წელსაა დაგეგმილი.