"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური პარტიების მიერ "ჩახსნილი" საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. საკითხი, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დააყენა და ახლა მას კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრობა" პარლამენტში უკვე მეორე მანდატს კარგავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ითხოვენ ორი წლის წინ, ოპოზიციის ნებით "ჩახსნილი" საპარლამენტო სიების აღდგენას, რათა ოპოზიციამ მოახერხოს იმ დეპუტატების ადგილმონაცვლეების შემოყვანა, ვინც საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ.
"ხომ არ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომ ადგილმონაცვლეობის საკითხი გადავწყვიტოთ საკანონმდებლო გზით. მე მესმის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მაშინდელი ოპოზიციის გამომდინარე იმ ვითარებიდან სხვაგვარი იყო. ჩვენვე ვაყენებთ ახლა ამ ინიციატივას და ვითხოვთ, რომ ადგილმონაცვლეობის საკითხი განსაზღვრული იყოს იმიტომ, რომ ასე შეიძლება მართლა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რითაც დავიწყეთ. მე ვფიქრობ, რომ კონსულტაციების დაწყება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც აქტუალური და უპრიანიც იქნება", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილის ამ განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა.
"ცოტა ჩამოსაყალიბებელი თქვენს მხარეს უფრო მეტია იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი დღესაც თვლის, რომ ის იმყოფება არალეგიტიმურ პარლამენტში. ერთ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე მიდის პარლამენტიდან თავისი ნებით, ზაალ უდუმაშვილი ასევე თავისი ნებით მიდის, თქვენი კოლეგა ბევრჯერ ამბობს, რომ უნდა წავიდეს ოპოზიცია პარლამენტიდან და თუ ეს პოლიტიკური კონტექსტი იქნება ისეთი, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ქმედითი ორგანო, სადაც მიუხედავად პოზიციებისა, მაინც უნდა იმუშაოს პარლამენტის წევრმა, ამ შემთხვევაში ბევრ საკითხზე, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება რაღაც კონსულტაციები იყოს", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.