"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ოპოზიციური პარტიების მიერ "ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე სიების ჩახსნით შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის გამოსწორებას მმართველი პარტია არ აპირებს.
"ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ სიები მათ ჩახსნეს, მათ დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა და ახლა იქნება დემოკრატიული, თუ მათ ამ შეცდომას გამოვასწორებთ ჩვენ. მათი სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, პირდაპირ გეუბნებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას "პოლიტიკურ სინანულს" უწოდებს და ფიქრობს რომ ეს მოთხოვნა არასწორია.
"ნაციონალური მოძრაობის სია, რომელიც მათ თვითონვე გააუქმეს, ნამდვილად ვერ გახდება ჩვენთვის საერთო ეროვნული მსჯელობის საგანი. ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღეს და პოლიტიკოსები იმიტომ არიან, რომ თავის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ. როდესაც ამას აკეთებდნენ, ჩვენ ვეუბნებოდით მაშინ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიმართული საპარლამენტო ინსტიტუტის და საპარლამენტო დემოკრატიის წინააღმდეგ და ვეუბნებოდით, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.