13 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
"მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სხდომას გამართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც იმსჯელებს, არის თუ არა "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგაშო. 

ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. 

WHO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოს 39 ქვეყანაში ვირუსის 1600 და გარდაცვალების 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ 39 ქვეყანაში ისეთი ქვეყნებიც შედიან, სადაც ვირუსი აქამდეც გავრცელებული იყო.

WHO-ს ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ ვირუსი „უჩვეულოდ იქცევა" და ამ ქცევას საერთაშორისო კოორდინაციით უნდა უპასუხონ. WHO-ს კომიტეტის საგანგებო სხდომა 23 ივნისს გაიმართება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში).

დღის ამბები