15 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ერთი მაგალითი მაინც მოეყვანა, არ მგონია რომ ეს სიმართლე იყოს - ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით არახამიას განცხადებებზე

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებებს შეფასებები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არახამიას ბრალდებებს არ გამორიცხავენ.

"ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელზეც, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. საქართველო არ უნდა იქცეს იმ ქვეყნად, სადაც რუსეთი თავისი სისხლიანი ხელებით შეეცდება კვლავ განაგრძოს ფულის კეთება სხვისი სიცოცხლეების ხარჯზე," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

დავით არახამიას განცხადებები არადამაჯერებელია "გირჩისთვის". ალექსანდრე რაქვიაშვილი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდებს.

"ასეთი რაღაცისთვის საკმარისია ერთი მაგალითი მაინც მოეყვანა, რომელი კომპანია ეხმარება რუსეთს? რომელი ბანკი ან ერთ ტრანზაქცია მაინც, რომ გასაგები იყოს რაზე საუბრობს. ამ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ ამას რაღაც ღირებულება ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს ომი დასრულდეს და მერე გავარჩიოთ ეს განცხადებები. მე არ მგონია რომ ეს სიმართლე იყოს, არაფერი არ მიუთითებს რომ ეს სიმართლეა. სამწუხაროა, რომ ეს განცხადებები კეთდება," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე, ფაქტების წარდგენისკენ მოუწოდებენ არახამიას "სტრატეგია აღმაშენებელში".

ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.

დღის ამბები