დღეს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შეკრებაა. სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 19 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. უკვე ცნობილია, რომ შეკრებას არ დაესწრება ოპოზიციის ნაწილი და მმართველი გუნდი.
ოცნებაში მიიჩნევენ, რომ სპონტანურად და მოუმზადებლად დაანონსებული აქცია, ვერ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთობას და ნებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. აქციაზე მივლენ "ლელოს" და "მოქალაქეების" წარმომადგენლები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული აქცია მის იმიჯზე ზრუნვაა.
"რომ არ ყოფილიყო ამხელა ყურადღება დათმობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ჩვენს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენ 16-ში ვიქნებოდით ზურაბიშვილთან ერთად. ამ შეხვედრაში მე მისი იმიჯის პიარს უფრო ვხედავ,"- აცხადებს დოლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება ვერ მოახერხა.
"პრეზიდენტის გამარჯვება იქნებოდა, პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია რომ მოეხერხებინა. ფაქტია, რომ ორი აქცია იქნება ჩვენ 18-ში ვიქნებით,"- აცხადებს მეგრელიშვილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი თარიღები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.
"ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. მე მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და არა ქუჩაში. ელჩებს აქვთ იმის უფლება, რომ დაესწრონ ნებისმიერ ღონისძიებას სადაც მოუნდებათ,"- აცხადებს სერგეენკო.