დღეს, პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატებმა აქცენტი გუშინდელ აქციაზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გააკეთეს, დარბაზში ისმოდა პოლიტიკური ბრალდებები და მწვავე შეფასებები.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რაც გუშინ რუსთაველზე შეკრებილმა საზოგადოებამ თქვა და მათ უნდობლობა გამოუცხადეს მთავრობას.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ანა წითლიძემ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, მის ადგილას გადადგებოდა.
"ქალბატონო მაკა, ოდნავ მაინც თუ გაქვთ მორალი და ოდნავ მაინც პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, მე თქვენ ადგილას უბრალოდ გადავდგებოდი, თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს ნიჰილიზმის საფუძველი ჩვენთვის და პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა კრიზისიდან შესაძლებლობის ნახვა", - აცხადებს ანა წითლიძე.
წითლიძის განცხადების საპასუხოდ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სწორედ ენმ-ის მმართველობის დროს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი სიტყვა სამშობლოსაც კი ეწინააღმდეგებოდა და სამშობლოს ხსენებას ჩამორჩენილობას უწოდებდა. სოზარ სუბარის განცხადებით, სწორედ ეს განსხვავებაა ენმ-სა და ამჟამინდელ მმართველ პარტიას შორის.
"ქალბატონი ანი წითლიძე პატარაა და ალბათ არ ახსოვს, უსამშობლო სიტყვას როცა ახსენებს, ვინ ებრძოდა ამ სიტყვას. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყვნენ ისინი, როცა ხელისუფლების სათავეში იყვნენ, ვინც ამბობდნენ რომ სიტყვა სამშობლოს ხსენებაც კი არის ჩამორჩენილობა, შუასაუკუნებრივი აზროვნება და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე და არა სამშობლოზე და ეს განგვასხვავებს სწორედ მათგან, რომ ჩვენთვის სამშობლო არის ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს და არ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს თურმე 2-3 სამშობლო და ა.შ. რასაც ძალიან ხშირად ამ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ", - აცხადებს სოზარ სუბარი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ და მუხლჩაუხრელი შრომა დაგვჭირდება, რათა შევასრულოთ რეკომენდაციები, რომლებიც ევროპელმა პარტნიორებმა მოგვცეს.
"17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში გვაქვს ბევრი რეკომენდაცია, ბევრი ის, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდით - მართლმსაჯულება, პოლიტიზირებული სამართალდამცავები ორგანოები, საარჩევნო სისტემა, დეპოლარიზება და ნამდვილად დიდი პრობლემაა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით ეროვნული თანხმობის მექანიზმს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ესეც მთელ ევროპას და ვფიქრობ ამისი სტარტი იყო გუშინდელი დღე", - აცხადებს ის.