15 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
საკითხის გაჭიანურება ეჭვებს აჩენს, დამაფიქრებელია თანხების მიზნობრიობა და რაოდენობაც - მმართველი გუნდი ელენე ხოშტარიას ფინანსების გასაჯაროების შესახებ

ელენე ხოშტარია მზად არის რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. "დროას" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალდებები პროპაგანდის ნაწილია. "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ საკითხის გაჭიანურება ეჭვებს აჩენს, დამაფიქრებელია თანხების მიზნობრიობა და რაოდენობაც.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტყუილია, როცა ხოშტარია საუბრობს ამ ინფორმაციის გამჭვირვალობაზე. მისი თქმით, ხოშტარია წლების მანძილზე ახორციელებდა ისეთ პროვოკაციებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ხელს აძლევდა და შეიძლება კავშირი არსებობდეს მის ფინანსებსა და მსგავს საქმიანობას შორის.

"ტყუილს ტყუილს ამატებს, ის რომ გამჭვირვალე არის - აბსოლუტური ტყუილია, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, ეს არის კერძო ინფორმაცია, რომელიც ხოშტარიამ უნდა გაასაჯაროოს, ამდენი ხნის განმავლობაში მალავს, რომ მალავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მართლა აქვს ბევრი რამე დასამალი. საინტერესოა ის, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა თანხის მიზნობრიობასა და თანხის მოცულობას შორის, ეს უნდა დაასაბუთოს. გარდა ამისა, რატომ არის სხვადასხვა წყაროდან, იგივე ფედერალური ბიუჯეტიდან და ა.შ, ისეთი წყაროებიდან რატომ არის თანხები შემოსული, რაც გარკვეულ საეჭვო ნომენკლატურას უკავშირდება და ა.შ. ეს ყველაფერი მას აქვს დასასაბუთებელი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა სწორედ ისეთ პროვოკაციებს, რომელიც აძლევდა ხელს რუსულ ინტერესებს საქართველოში. აქ არის ძალიან მარტივი ლოგიკური კავშირი, როდესაც ის მალავს დამატებით ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ ერთხელ აღრმავებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის", - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ როდესაც ხოშტარია რუსეთთან დაკავშირებით მაღალი მორალური კატეგორიებით საუბრობს და ყველას მოძღვრავს, საკუთარ თავსაც უნდა დაუწესოს მინიმალური მორალური სტანდარტი.

"გაასაჯაროონ, რისი გასაჯაროებაც სურთ, აქ პრინციპი და მიდგომა არის შემდეგი, რომ ეს ადამიანი ძალიან მაღალი მორალური კატეგორიებით მოძღვრავდა ყველას, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა არა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ ფულთან, არამედ ზოგადად რუსეთთან მიმართებაში. რუსეთი რომ ოკუპანტია და რუსები ანხორციელებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ეს ცალსახაა და არავინ აქ შეგუებას არ აპირებს და არავინ არაფრის დათმობას აქ არ აპირებს, მაგრამ როდესაც მაღალი მორალური კატეგორიებით საუბრობ და ყველას ამუნათებ, შეურაცხყოფას აყენებ, რომ არაფერ რუსულის ყიდვა არ შეიძლება და ა.შ, სულ მცირე, მინიმალური მორალური სტანდარტი უნდა დაუწესო საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს. ეს რითი შეიძლება გაბათილდეს და რა უნდა გასაჯაროვდეს ახლა, დაადასტურეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ ხალხს აქვს მიღებული შემოსავალი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები