არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენს ევერესტს არ მივაღწევთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას კანდიდატის სტატუსი კი არ მიენიჭა, არამედ ქვეყანამ ის მოიპოვა.
უკრაინის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ქვეყანამ თავისი ევერესტის მწვერვალისკენ 7000 მეტრი უკვე გაიარა, თუმცა ბოლო წერტილამდე ჯერ გასავლელი გზაა დარჩენილი.
"წარმოიდგინეთ, რომ ევერესტს იპყრობთ. თქვენ მიაღწიეთ საკმაოდ მაღალ წერტილს, ირგვლივ კი არ იყურები და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ იტოვებთ, მხოლოდ ზევით მიმავალ გზაზე ხართ კონცენტრირებული. რა რთული იქნება ბოლო 1848 მეტრის გადალახვა. დავაფასოთ საკუთარი წარმატება.
გავიხსენოთ, რომ 7000 მეტრი უკვე დავფარეთ. ნუ ვიქნებით მოკლე მეხსიერების და არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ერი. ჩვენ ვამბობთ: უკრაინას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ვთქვათ: უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.
დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ევროკავშირის 7 მოთხოვნაზე. გვაშინებს ეს? არა, რადგან მანამდე ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ასობით. 7000 მეტრი გავიარეთ, ამიტომ არ გავჩერდებით - იქამდე, სანამ ჩვენს ევერესტს არ მივაღწევთ.
ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, პრივატიზაცია, მიწების რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ანტიკოპრუფციული სასამართლო, ინდუსტრიული თავისუფალი სავიზო რეჟიმი, დეოლიგარქიზაცია. ყველაფერი შევასრულეთ! მოდი ეს არ დავივიწყოთ. ვიამაყოთ საკუთარი თავით," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.