ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მათივე თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.
საუბარია იმ 12 მოთხოვნაზე, რომელთაგან პირველი დეპოლარიზაციას ეხება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭიროა დროულ ქმედებები და არა სიტყვები.
"იმდენად დიდია ჩვენი მოსახლეობის ნება, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, რომ აუცილებლად მივიღებთ და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. სიტყვების მანიპულირებებს თავი უნდა დაანებოს ხელისუფლებამ. თუ ჩვენ გვინდა 12 პუნქტის შესრულება და შესვლა ევროკავშირში, ეს ერთია, მაგრამ თუ გვინდა სიტყვებით მანიპულირება და ამით საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში, ეგ არ იმუშავებს, ამაზე ტყვილა კარგავენ დროს," - ამბობს ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მომდევნო 6 თვე უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ყველა წინაპირობა შესრულდეს, რომელიც განაპირობებს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
"ევროკომისიის ის წინაპირობები, რისი შესრულებაც განაპირობებს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, არის ის საგზაო რუქა, რომელიც არის შესასრულებელი ქვეყნის მიერ. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, თუმცა ოპოზიციაზეც გადის ეს პასუხისმგებლობა. ეს 6 თვე უნდა იყოს ადეკვატურად გამოყენებული ყველა იმ წინაპირობების შესასრულებლად და ერთ-ერთი ამ წინაპირობებიდან არის ასევე დეპოლარიზაცია, რისი მთავარი პასუხისმგებლობაც აქვს ქვეყნის პრემიერ მინისტრს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.