13 აგვისტო 2022,   10:58
ვრცლად
"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს, ნაცნობობაც კი არ გვქონია, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია" - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ლევან კაჭარავას მკვლელობის ვერსიებს ეხმაურება

მედიაში გავრცელებულ ვერსიებს, რომ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს, სოციალურ ქსელში განცხადებით თავად ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა უარყო და განცხადება გაავრცელა. ისინი პირველ რიგში გუშინ მოკლული ბიზნესმენის ოჯახს უსამძიმრებენ, იმედს გამოთქვამენ, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე გამოძიებული იქნება და აღნიშნავენ, რომ კვარაცხელიას ოჯახი შურისმაძიებელი არასდროს იქნება.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს. ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი. ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა, რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას. 

შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, უსაფუძვლო  ინფორმაციის გავრცელებისაგან  თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც  ambebi ge ის მსგავს ინფორმაციას  მიაწვდიდა  არ არსებობს, რომ არა "სეთურის" ინსტიტუტი.

უფალმა ინებოს, რომ ეს  მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი  არასოდეს იქნება შურის მაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…" - წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.

დღის ამბები