ოპოზიციის მორიგი ბრალდებები ხელისუფლებას. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა.
პარლამენტარი ამის მტკიცებულებად ასახელებს რეიტინგებს და ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეფორმების კუთხით მოლდოვა და უკრაინა უსწრებენ.
"მოვისმენთ ხოლმე "ქართული ოცნებისგან" და ევროსაბჭოშიც ბაქიბუქით განცხადებას აკეთებენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის პირველი რეფორმებს შორის. მე ხელთ მაქვს 2020-21 წლების ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფორმებთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ, როცა შეხვდებით "ქართულ ოცნებას", ყოველთვის შეახსენოთ და ახლა წაგიკითხავთ, რომელ ადგილზე ვართ ჩვენ. ჯამურად, საქართველო არის მესამე ადგილზე, პირველ ადგილზეა უკრაინა რეფორმების კუთხით, მოლდოვა არის მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე არის საქართველო. კიდევ უფრო უარესი, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს რეფორმებში უსწრებს სომხეთი, მაგალითად დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და არჩევნებთან დაკავშირებით პირველ ადგილზე არის სომხეთი, მეორე ადგილზე არის უკრაინა, მესამე ადგილზე არის საქართველო,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მმართველი გუნდი კი ამ ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს. ვაშაძის ამ განცხადებას პასუხობს უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, რომელიც ამბობს, რომ რეიტინგებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს დავა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები.
"რაც შეეხება რეიტინგებს, ამაზე შეიძლება დავა რასაკვირველია, მაგრამ სულ რომ გამოვეცალოთ ამ დავას, არსებობს დოკუმენტები, არსებობს რეიტინგები და არსებობს ოფიციალური განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით, არც მოლდოვას, არც უკრაინას. პირიქით, მიმაჩნია, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება მსოფლიო სტრატეგიულ მიმართულებებს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.