რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინა მოლდოვისთვის - ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მინიმალურ ნაბიჯად აფასებს . ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში. განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.
ენმ-ის წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს რეგიონში არსებული ქვეყნების მიმართ უფრო პოლიტიკურად გაბედული ნაბიჯები გადაედგა.
"რა თქმა უნდა, მეც ვისურვებდი რომ თავის მხრივ, ევროპის პოლიტიკური ნება იყოს უფრო მკაფიო და, მიუხედავად პრობლემებისა, უფრო ღრმა იყოს ევროინტეგრაციის პროცესი რეგიონის და მათ შორის, საქართველოს მისამართით. ამიტომ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა უფრო სტრატეგიულად შორსმჭვრეტელი, უფრო გაბედული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ევროპის მხრიდან. და, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი ვისურვებდი რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თუნდაც დაუყონებლივ მიეღოთ ევროკავშირში. ეს იქნებოდა კარგი ჩვენთვის. უბრალოდ ის ნაბიჯიც კი რაც შეიძლებოდა გადამდგარიყო საქართველოს ხელისუფლების მონდომებით არ გადაიდგა და ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, ძალიან კარგია რომ ვიოლა ფონ კრამონი რეგიონს ასეთი ძალისხმევით ლობირებს და მისი ერთგვარი სენტიმენტური განცხადებაც გასაგებია.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით კი, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ევროპელებმა სათანადოდ არ დააფასეს.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადება შეაფასეს მმართველ გუნდშიც.
"რეალურად მიდგომა ევროკავშირისა დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით, უკრაინასა და მოლდოვასთან, საფრთხეებიდან გამომდინარე იყო სწორედ ისეთი, როგორიც იყო. საქართველოსთვის ევროპის კარი გაიხსნა, სამწუხაროდ, მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია აღიქვამს ამ ყველაფერს როგორც კარის დახურვად. და იმ სტატუსთან დაკავშირებით, რომელზედაც ფონ კრამონმა ბრძანა რომ არაფერს არ ნიშნავს, ამ სტატუსს უკავშირებს მთელ რადიკალიზაციას მოქმედებების და მათ მცდელობას სიმართლე დამალონ და საკუთარი მისწრაფებები გაასაღონ რეალობად, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.