15 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ნაბიჯი წინ თუ უვადო ბილეთი მოსაცდელ ოთახში, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინა-მოლდოვისთვის - კრამონის განცხადებას თბილისში აფასებენ

უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსთან შედარებით, ევროინტეგრაციის გზაზე ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო.

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი - ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სიმბოლური და არაფრისმომცემი გადაწყვეტილება უწოდა. ევროპარლამენტის გერმანელმა წარმომადგენელმა 24 ივნისს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცლად ადგილობრივ გამოცემასთან შეაფასა. ვიოლა ფონ კრამონის აზრით, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მინიმალური დახმარებაა. ევროპარლამენტარმა თურქეთისა და ბალკანეთის მაგალითიც გაიხსენა და სტატუსი სამუდამო მოსაცდელ ოთახს შეადარა.

გერმანელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ევროპას დღეს უფრო მკვეთრი გეოპოლიტიკური ხედვა სჭირდება. ენმ-ში, ვიოლა ფონ კრამონის მსგავსად, ევროკავშირის ლიდერებისგან მეტს ელოდნენ.

კანდიდატის სტატუსი რომ ხელშესახებ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს არ იძლევა, ამას არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ. ამბობენ, რომ საქართველოს ყველა კრიტერიუმით შეეძლო სტატუსი მიეღო, ხალხში მღელვარება კი სიმბოლურ სტატუსზე დროებითმა უარმა გამოიწვია. პოლიტიკოსების აზრით, კრამონს როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლობისტს, მეტი სურდა, რაც ლოგიკურია.

გერმანელი ევროპარლამენტარის მოსაზრება სტატუსთან დაკავშირებული გადამეტებული მოლოდინების გამაბათილებელი მტკიცებულებაა მმართველი გუნდის წევრებისთვის. "ოცნებაში" ამბობენ, რომ სიმბოლური აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტის სახალხო მღელვარების მასტიმულირებლად ქცევა, რასაც მათი თქმით ოპოზიცია ცდილობს, არარელევანტურია.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება 24 ივნისს მიიღო. ევროკავშირმა ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

დღის ამბები