ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმი პატრიკ შეა იმედოვნებს, რომ მადრიდის ნატოს სამიტზე ალიანსი ნატოს ღია კარის პრინციპს კიდევ ერთხელ დაადასტურებს. მისივე თქმით, საქართველოს ვერ დაიცავს ალიანსის მეხუთე მუხლი, თუმცა ნატოს ბევრის გაკეთება შეუძლია, მათ შორის საქართველოში აქტიური წვრთნების ჩატარება.
"რას ველი ნატოს სამიტზე - პირველი, იმედია ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნატოს კარი ღიაა. მეორე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ყველა დიდი საფრთხის წინაშე ვართ დღეს და იმედია, რომ სამიტზე ნატო საქართველოს გაუგზავნის ძლიერ სიგნალს რომ დაეხმარება ქვეყანას თავდაცვაში. რა თქმა უნდა, საქართველოს ვერ დაიცავს ალიანსის მეხუთე მუხლი, მაგრამ ნატოს ბევრის გაკეთება შეუძლია, მათ შორის აქტიური წვრთნები საქართველოში, ქართველ სამხედროების დაეხმარება თავდაცვის კონცეფციის განახლებაში, სხვადასხვა ოპერატიული ინფორმაციის გაზიარება, აღჭურვილობის მიწოდება და ასევე თანამშრომლობის გაძლიერება შავ ზღვაში.
თუკი ნატოს სურს საქართველოს დახმარება, საჭიროა საქართველოს ჩართულობა ამ რეგიონის საკითხებში, იმისთვის რომ უკრაინაში დაწყებული ომის მერე შავი ზღვა არ იქცეს რუსეთის შიდა "ტბად" ასე რომ, როგორც ვთქვი ველი ორ პოზიტივ სიგნალს, ის რომ კარი ღია რჩება და შესაძლებელია ბევრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა ალიანსის მხრიდან, რათა ქართული ჯარი და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს," - აცხადებს ჯეიმი პატრიკ შეა.
მადრიდის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აანონსებს. იენს სტოლტენბერგი ჯერ არ აკონკრეტებს, რა სახის დახმარებას მიიღებს ალიანსისგან თბილისი, თუმცა ცნობილია, რომ პაკეტით განსაზღვრული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოემსახურება.