03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
"ვიდეოგადაღება არის უკანასკნელი მცდელობა, რომ ატესტაციის პროცესი ობიექტურად წარიმართოს," - აბესაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მერიის თანამშრომლების ტესტირების მეორე ეტაპზე ვიდეოგადაღების დაშვების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიც ემხრობიან.  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ატესტაციას გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის.

ირაკლი აბესაძე კი განმარტავს, რომ ვიდეოგადაღება არის უკანასკნელი მცდელობა იმისათვის, რომ ატესტაციის პროცესი ობიექტურად წარიმართოს.

მისივე თქმით, დღემდე გაუგებარია, ვინ შეადგინა ტესტები და არსებობს ეჭვი, რომ ის თავად მერიის თანამშრომლებმა შეადგინეს. აბესაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ტესტებს თანამშრომლების გარკვეული ნაწილიც ფლობდეს.

უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საატესტაციო კომისიის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან ის პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.  

საბოლოო პასუხი, დაუშვებენ თუ არა ვიდეოკამერით გადაღებას ატესტაციის მეორე ეტაპზე, რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები