რეზოლუციის პროექტის განხილვისას სიტყვით გამოვიდა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ევროდეპუტატებმა ისაუბრეს, მათი აზრით, იმ მთავარ რეფორმებზე, რაც საქართველოში უნდა გატარდეს, მათ შორის არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ევროდეპუტატებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მედიაგარემო დაცული.
ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტია. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ჩვენ გვაწუხებს. საქართველო არის ერთი ადამიანის ტყვეობაში. თუ "ქართულ ოცნებას" არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რაც ნახსენებია ევროპული კომისიის წინადადებებში, მაშინ მე დავეხმარები მათ უკეთ გაგებაში. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას. ზუსტად ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია სადაც საუბარია ივანიშვილის სანქცირებაზე. მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხზე არ დანებდეთ. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ევროპულ კომისიას, ყურადღება გაამახვილონ ამ რეზოლუციაზე. საქართველო უნდა გათავისუფლდეს, ღიად ვიტყვი, ძალიან კრემლისმაგვარი პოლიტიკისგან. ეს კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს, რომ საქართველო ევროპის გარეთ დარჩეს. ვნახეთ მასშტაბური აქციები და ვხედავთ ძალიან დადებით დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდზე,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
ევროპარლამენტის დეპუტატი სლოვაკეთიდან მირიამ ლექსმანი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება განაგრძობს 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებას.
"საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამისთვის კი არსებობს გარკვეული მიზეზები, ამ მიზეზების შესახებ ჩვენ ანგარიშში უნდა მივუთითოთ. ეს საჭიროა ქვეყნის მომავლისთვის. პოლიტიკურ ველზე საქართველოში სერიოზული დაყოფაა. მმართველი პარტია განაგრძობს 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებას. ერთი ოლიგარქი კვლავ განაგრძობს ძალაუფლების ფლობას პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ ვხედავთ დე ფაქტო პოლიტიკურ პატიმრებს ქვეყნის ექსპრეზიდენტს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელს. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ აუცილებელია მათ გვერდზე დავდგეთ,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი სლოვაკეთიდან
მირიამ ლექსმანი.
"მოუთმენლად ველი ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ დიდი დრო გამოვყავით საქართველოში არსებულ სიტუაციის განხილვაზე. საშუალოდ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში რასაც განვიხილავდით. რატომ არის ეს ასე?! შესაძლოა, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც უფლებას არ გვაძლევს, ვიყოთ ოპტიმისტურები, როცა ვუყურებთ ამ ქვეყნის მომდევნო დროის მონაკვეთს. ნათლად ვუთხარით ქართველ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, შეასრულეთ ეს 12 პრიორიტეტი, ეს ნათელი და მარტივია. საქართველოსთვის იდეალური დროა უთანხმოებების მოსაგვარებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან
პეტრას აუსტრევიჩუსი.
მარკეტა გრეგოროვა კი მოუწოდებს ყველას, როგორც მმართველ პარტიას ისე ოპოზიციას, რომ ერთად იმუშაონ პარლამენტში და განახორციელონ ის რეფორმები, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ნაგულისხმები.
"საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო დრო, აქვს ისტორიული შესაძლებლობა. საქართველომ ჯერ კიდევ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები და განახორციელოს რეფორმები 2022 წლის ბოლო შეფასებამდე. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ადმინისტრაციას, ასევე ეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დემოკრატიულ ზედამხედველობას და მოქალაქეებს. პირველ რიგში საჭიროა ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა.
მსურს, ჩემი ფინალური ნაწილი გამოვიყენო საქართველოს მთავრობის მიმართ, შესაძლოა ისინი ისმენენ გთხოვთ მოეკიდეთ ამას სერიოზულად და იმ რეფორმების პროგრესი განახორციელეთ, რომელიც აღნიშნულია კომისიის მოსაზრებაში. იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან. ეს არ ეხება პარტიებსა და ინდივიდუალურ პირებს. ეს თქვენი ქვეყნისთვის ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია, ამ მომენტში ვერავინ, თქვენ გარდა, ვერ შეგაჩერებთ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვა.