21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
"რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს" -  ბანერები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

"ახლა დასავლეთს ამოფარებულები ცდილობენ თავის მართლებას" - ასე აღიქვა თბილისის მეტროებში გამოჩენილი საინფორმაციო დაფების შინაარსი მმართველმა გუნდმა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ წარწერა ბანერებზე "ნაციონალური მოძრაობის" თავისმართლების პოლიტიკის ნაწილია.

ბრალდების ადრესატები კავშირს ამ კამპანიასთან უარყოფენ და ამბობენ, რომ თავდაპირველად ბანერები ხელისუფლების მიერ განთავსებული ეგონა. "ნაცმოძრაობაში" ფიქრობენ, რომ დასავლეთის მიმართ ნდობის აღდგენა, მმართველი ძალის ელექტორატს უფრო სჭირდება.

ურთიერთბრალდებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ოპოზიციონერთა ნაწილი, მთავარ პოლიტიკურ ძალებს სხვა თემებზე კონცენტრირებას ურჩევს. მეორე ნაწილი კი, მსგავსი კამპანიის საჭიროებას ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებს.

საინფორმაციო ბანერების ირგვლივ გაჟღერებულ ბრალდებებს, დღეს "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისათვის" წარმომადგენელიც გამოეხმაურა. გაერთიანებაში, რომელშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის და რომელიც ქალაქში ბანერების გამოკვრის ინიციატორია, ამბობენ რომ ახალ კამპანიასთან პოლიტიკოსებს შეხება არ ჰქონიათ.

დღის ბოლოს საინფორმაციო ბანერების შინაარსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც შეაფასა. ირაკლი კობახიძისთვის, მსგავსი კამპანია ალოგიკურად გამოიყურება. პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში ომის მსურველებთან დაკავშირებით, საზოგადოება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული.

"რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს" - ამ წარწერით სარეკლამო ბანერები დედაქალაქში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

დღის ამბები