საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის დანამატი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მმართველობაში არსებული სოც-მედია პლატფორმების შესახებ.
პირველ რიგში, მოკლედ შევეხებით თავად კვლევის ავტორ ორგანიზაციას(ISFED), რომელიც არაერთხელ არის მხილებული სიცრუეში და ფაქტებით არის დადასტურებული მათ მიერ არჩევნებზე, ხმების პარალელური დათვლის გაყალბება. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაცია ღიად მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ დესტრუქციულ პროცესებში, ასევე იყო ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” იდეის აქტიური მხარდამჭერი.
გამოქვეყნებულ სტატიაში უამრავი უზუსტობაა, მაგრამ ყველაზე დიდი ტყუილია, რომ თითქოს ჩვენს მიერ ორგანიზებული აქტივობები სოციალურ მედიაში, ემსახურება ანტიდასავლურ კამპანიას! მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენს არც ერთ ადრესატს და ოპონენტს არანაირი საერთო არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან! სწორედ თითოეული მათგანის ბიოგრაფია, მათი საქმიანობის სტილი წარსულში თუ აწმყოში არის დასავლური ღირებულებების ანტიპოდი.
რაც შეეხება, სოც-მედიაში ჩვენს საქმიანობას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი დაფარული და სკანდალური არ არის იმაში, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე ვმუშაობთ ინტენსიურად და ორგანიზებულად.
საჯაროდ გვაქვს დეკლარირებული ჩვენი მოძრაობის მიზნები, რაც გულისხმობს - ქვეყანაში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერას; პარტიული მედიებიდან მომავალი ცილისწამების, ფეიკ ნიუსის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას; შიდა თუ გარე მტრებთან წინააღმდეგობას.
ფაქტია, რომ ჩვენ არ ვარღვევთ არც ერთ სტანდარტს, რომელსაც თავად მსხვილი სოციალური მედიის პლატფორმები აწესებენ, ასევე ვმუშაობთ გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა ჩვენი შეზღუდვა.
სწორედ ამან გააღიზიანა ჩვენი ოპონენტები და სიტყვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველა განსხვავებულ აზრს.
XXI საუკუნეში მივიღეთ ფსევდო-დასავლურ ღირებულებებს ამოფარებული აზრის პოლიცია, რომელიც ახშობს ყველა სხვა ხმას, რომელიც არ ემსახურება მათ ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა და ამის ნათელი მაგალითია, იმჟამად აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბლოკვა სოციალურ მედიაში.
ფსევდო-ლიბერალურ ძალებს საქართველოში ვეღარ ექნებათ მონოპოლია მედიაში და ისინი ვეღარ დააწესებენ აკრძალვებს რაზე ვილაპარაკოთ საჯაროდ და რაზე არა! ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ორგანიზებული და ინტენსიური მუშაობა და კვლავაც კანონიერი საშუალებებით გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა არ დავუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაცია!
არ აგარევინებთ!"- წერია განცხადებაში.