15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა - როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

რა რეფორმები განახორციელა საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში უკვე გამოქვეყნდა.

35 - გვერდიან დოკუმენტში, პარტნიორები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობენ და წერენ, რომ რეკომენდაციები განსაზღვრულია, რეფორმების შესრულება კი ევროკავშირში, საქართველოს გაწევრიანების წინაპირობაა. სასამართლო სისტემა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროპელი მოკავშირეები ამ მიმართულებით ქვეყნისგან დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ელიან.

დოკუმენტს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს, მმართველი გუნდი კი განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას სწორედ ევროკავშირთან თანამშრომლობით აანონსებს.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, სტაბილურ ნიშნულზეა და პარტნიორების რეკომენდაციების შესრულება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მინისტრის განმარტებით, საქართველოს ევროპული კურსი გადახედვას არ ექვემდებარება და მოსახლეობის უმრავლესობის ნება, რაც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, აუცილებლად განხორციელდება.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და ის გამოწვევები, რომელთა გადალახვაც ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას, თუმცა პარტნიორები იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რაც მათი აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობას.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, პარტნიორების მიერ საფრთხეებად დასახელებულია: ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები, 2021 წლის ივლისში მომხდარი ძალადობა ჟურნალისტებსა და სექსუალურ უმცირესობებზე, კანონები, რომლებიც როგორც ანგარიშში ნათქვამია, დაჩქარებული წესით და აუცილებელი კონსულტაციების გარეშეა მიღებული და ხარვეზები სასამართლო სისტემის რეფორმირებისას. მმართველი პარტიის ოპონენტებისთვის ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში, ქართული ოცნების კრიტიკის მორიგი საბაბი გახდა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ევროპერსპექტივის რეალიზება განსაზღვრული გეგმის მიხედვით უნდა გაგრძელდეს. სახელისუფლებო გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ პარტნიორების რეკომენდაციები დადგენილ ვადებში შესრულდება.

2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. ივნისში კი, ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენს.

დღის ამბები