15 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს​

"TV პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებით ეხმაურება:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "TV პირველის" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საგამოძიებო სამსახური შესყიდვების სააგენტოს 600 000 ლარს, რემონტის გასაკეთებლად სთხოვს და თუ აღნიშნული სასწრაფოდ არ შესრულდება ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას საფრთხე შეექმნება.

ხსენებულმა მედია საშუალებამ გასულ სიუჟეტში შეგნებულად არ ახსენა თუ რა სარემონტო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რათა საზოგადოებაში დასახელებული თანხის არამიზნობრივი ხარჯვის სურათი წარმოეჩინა.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქმე ეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ქ.ზუგდიდსა და ქ.თელავში ახლად გადმოცემულ რეგიონალურ ოფისების სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა და მის ქვემდებარეობას, რომელიც 8 მუხლით განისაზღვრებოდა, დამატებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 40 ახალი დანაშაულის/მუხლის გამოძიება დაემატა, რამაც ფაქტიურად გააოთხმაგა საგამოძიებო სამსახურის დატვირთვა და რეგიონალური ოფისების ამოქმედების გადაუდებელი აუცილებლობა წარმოშვა.

საზოგადოებისთვის უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, სამსახურის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და 1 მარტიდან მოყოლებული უწყებას მხოლოდ ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის და ქ. ბათუმის ოფისების/საგამოძიებო სამმართველოებით უწევს არსებულ დატვირთვასთან გამკლავება და საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უკიდურესად ართულებს საგამოძიებო სამსახურის ეფექტური საქმიანობის შესაძლებლობას, მათ შორის იწვევს შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებას და ზრდის მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს.

ის რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გამართული ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურად გამოსაძიებლად, ამას მოწმობს ევროკომისიის დასკვნაც, სადაც პირდაპირ არის მოცემული და ხაზგასმული, რომ ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს აღნიშნული სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს სამსახურის ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც.

ხსენებულმა მედიასაშუალებამ შეგნებულად იცრუა და დაამახინჯა ევროკომისიის დასკვნის ეს მოთხოვნა და არაფერი თქვა რეკომენდაციის იმ ნაწილზე სადაც სამსახურის გაძლიერებაზეა საუბარი. მაშინ როდესაც ყოველგვარი კითხვის ნიშნების დასმის გარეშე პირდაპირ შეეძლო მოეყვანა ევროკომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაცია სიტყვასიტყვით, სადაც ვკითხულობთ, რომ უნდა გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურები. უზრუნველყოფილი უნდა იქნას მათ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

სწორედ სამსახურის წინაშე მდგარი, ამ გამოწვევის გასამკლავებლად და ევროკომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციის შესასრულებლად სამსახურმა პრიორიტეტად დაისახა ქ.ზუგდიდსა და ქ.თელავში რეგიონალური ოფისების დროული ამოქმედება და ამ მიზნით მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროში დაჩქარება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ისეთი აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორიცაა გამოკითხვის და ამოცნობის ოთახების, არასრულწლოვანი პირების ადაპტირებული სივრცის, საბრიფინგე და შეხვედრის ოთახების მოწყობას.

სწორედ ამ მიზნის უზრუნველსაყოფად სამსახურმა მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ და ითხოვა ნებართვა საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ახლად გადმოცემული რეგიონალური ოფისების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის განსახორციელებლად.

მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტში შეგნებულად დამახინჯებულად ითქვა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხის გამოყოფას სთხოვს, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის სიცრუე და სრული აბსურდი. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ფუნქციებს მიეკუთვნება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, ხოლო რაიმე სახის ფინანსური რესურსის გამოყოფა სცდება აღნიშნული ორგანიზაციის კომპეტენციას.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აუცილებელ სახსრებს, ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, 600 000 ათასი ლარის ოდენობით, გათვალისწინებულია სამსახურის ბიუჯეტში და სამსახურს არ განუხორციელებია დამატებითი სახსრების მოთხოვნა. სამუშაოების შესყიდვა მოხდება ბაზრის ჯეროვანი მოკვლევის და კონკურსის პრინციპების დაცვით, მათ შორის თითოეულ კვლევაში არანაკლებ 15 კომპანიის მონაწილეობით, რა დროსაც ხელშეკრულება გაფორმდება ყველაზე დაბალ ფასიან პრეტენდენტთან.

ასევე, სიცრუეს წარმოადგენს ტელეკომპანიის მიერ გაჟღერებული სამსახურის პოზიცია, თითქოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღნიშნული საკითხის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი არ აქვს. სამწუხაროა, რომ „ TV პირველის“ წარმომადგენელს ამ საკითხზე საერთოდ არ მოუმართავს საგამოძიებო სამსახურისთვის და არ დაინტერესებულა პასუხით, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ მათი მიზანი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით სამსახურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნის პირველივე დღიდან, აცნობიერებს და ირჩევს ღია და გამჭირვალე კომუნიკაციას საზოგადოებასთან და მედიასთან.

ხსენებულ მედიასაშუალებას კი მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები